ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. ქართული პოლიფონიური მუსიკა მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია განსაკუთრებული ჰარმონიული ჟღერადობით. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორც სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ამ მუსიკის სამ ხმოვანი სტრუქტურა საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა და მას დღემდე მოისმენთ მთელი ქვეყნის მასშტაბით - ქალაქში და სოფლად, ეკლესია-მონატრებში, თუ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე.
ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. ტრადიციული ქართული სუფრა, წარმოუდგენელია ამ მუსიკის გარეშე. ეს ჟღერადობა ქართველების გენეტიკური კოდის ნაწილია და ყველაზე ზუსტად გადმოსცემს ამ ხალხის ხასიათს. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.
ჩაკრულო — ქართული (ქართლ-კახური) კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური, სუფრული სიმღერა. ბურდონული მრავალხმიანობის (სამხმიანობის) ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია. ჩაკრულოს პირველი ჩანაწერი გააკეთა ზაქარია ფალიაშვილმა სოფელ ვაჩნაძიანში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). სიმღერაში რთული მოდულაციური ცვლილებებია. აგებულებით ჩაკრულო ემთხვევა სიმღერებს „ძველი სუფრული“ და „სუფრული და მისი დამატება“. 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი; „ჩაკრულო“ შევიდა იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.
არამგონია იყოს საქართველოში ქართველი, რომელმაც “ჩაკრულოს” და კოსმოსის ისტორია არ იცოდეს. ყველა ქართველი ძალიან ამაყია ამ ფაქტით, მართლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ჩაკრულომ“ გალაქტიკა გაარღვია. 70 - იანი წლების მიწურულს, შეიქმნა ეგრეთწოდებული “ოქროს დისკი” და ამ დისკზე დატანილ იქნა დიდძალი ინფორმაცია. ოქროს დისკზე დაიტანეს 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც ძალიან დიდი რუდუნებით შეირჩა. დღეს უკვე Voyager 2 დედამიწას თითქმის 16 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული და აგრძელებს გზას უსასრულობისაკენ. ოქროს დისკზე 27 მუსიკალური ნაწარმოების გულდასმით კურირებულ არჩევანს შორის „ჩაკრულომ“ საქართველოს მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობის წარმომადგენლად თავისი ადგილი დაიმკვიდრა.
#ქართულიმრავალხმიანობაკოსმოსში
ავტორი: საბა ქვრივიშვილი
ატვირთვის თარიღი: 2023-12-29