დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

აღმოაჩინე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

  833

ოპერისა და ბალეტის თეატრი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, რომელიც თავისი წარმოდგენებით ძველ პერიოდში გამოგზაურებს და შენც გარკვეულწილად მისი ისტორიის ნაწილი ხდები.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქალაქ თბილისის მთავარ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. იგი 1851 წელს დაარსდა და ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. 1847 წლის 15 აპრილს საფუძველი ჩაეყარა ოპერის თეატრის პირველ შენობას ვორონცოვის თაოსნობით, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე შენდებოდა. თუმცა აღნიშნული ნაგებობა გაჩენილმა ხანძრმა ორჯერ დააზიანა, ამასთან სრულიად განადგურდა თეატრის ინტერიერიც. ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა, თუმცა რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება, როგორც საოპერო და საბალეტო სპექტაკლები, ასევე სხვადასხვა კონცერტები და ღონისძიებები. თეატრის რეპერტუარში მსოფლიო საოპერო და საბალეტო კლასიკასთან ერთად წლების მანძილზე წარმოდგენილი იყო ქართველი კომპოზიტორების: შალვა მშველიძის, ანდრია ბალანჩივაძის, ალექსი მაჭავარიანის, რევაზ გაბიჩვაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, დავით თორაძის, რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის ნაწარმოებები.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა იყო რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“ (1918 წლის 17 ივნისი), თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად ითვლება 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები:  დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“,  ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“.

#აღმოაჩინეთბილისისოპერისადაბალეტისთეატრი

ავტორი: ლუკა ფარულავა

ატვირთვის თარიღი: 2023-12-27

arrow